დონალდ ტრამპი - ჰენრი კუელარის შეწყალებიდან მცირე ხნის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ კვლავ იყრის კენჭს კონგრესში, როგორც დემოკრატი და გააგრძელებს მუშაობას იმავე რადიკალ მემარცხენე ნაძირლებთან
დონალდ ტრამპი - ჰენრი კუელარის შეწყალებიდან მცირე ხნის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ კვლავ იყრის კენჭს კონგრესში, როგორც დემოკრატი და გააგრძელებს მუშაობას იმავე რადიკალ მემარცხენე ნაძირლებთან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრი, ჰენრი კუელარი, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ შეიწყალა, კვლავ დემოკრატიულ პარტიაში დარჩა.

Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა კუელარი, რომელსაც 600 000 დოლარზე მეტის ქრთამის აღება ედებოდა ბრალად, მწვავედ გააკრიტიკა.

„წარმოგიდგენიათ??? დემოკრატებს, თაღლითი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომლებიც პოლიტიკური ოპონენტის გასანადგურებლად ყოველთვის უკიდურეს ძალას და ციხეს იყენებდნენ, უნდოდათ თავიანთი კონგრესმენი ჰენრი კუელარი და მისი მეუღლე იმელდა 15 წლით ციხეში ჩაესვათ, რაც ვიწინასწარმეტყველე, რომ ამას რადიკალი მემარცხენე შეშლილები გააკეთებდნენ და მათ არასდროს შეუწყვეტიათ ამ ბოროტი მისიის შესრულების სურვილი! დემოკრატები დაუნდობლად სდევნიდნენ ჰენრის ყველანაირად! ისინი ცდილობდნენ მის, მისი საყვარელი ცოლის, მისი ორი პატარა ქალიშვილისა და მათთან დაახლოებული ნებისმიერი ადამიანის განადგურებას. როდესაც დემოკრატებმა დიდი უპირატესობით წააგეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და, ამასთან ერთად, დაკარგეს ძალაუფლება, მათ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი გააკეთეს, რომ კუელარის ოჯახის დევნა გაეგრძელებინათ. დემოკრატები სასტიკები იყვნენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჰენრის მკაცრად სურდა სწორადაც სასაზღვრო უსაფრთხოება! ის წინააღმდეგი იყო ჩვენს ქვეყანაში არალეგალების შემოსვლის. კონგრესმენს არ სურდა ბანდების წევრები, ნარკოდილერები, ძალადობრივი პატიმრები, ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან ადამიანები და დიახ, მკვლელებიც კი, კარგ ძველ აშშ-ში“, – აღნიშნავს ტრამპი.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ კონგრესმენ კუელარის შვილებმა წერილი მისწერეს, რის შემდეგაც მისი შეწყალება გადაწყვიტა, შეწყალებიდან მალევე კი კონგრესმენმა გამოაცხადა, რომ კვლავ იყრის კენჭს დემოკრატიული პარტიიდან.

„ეს ყველაფერი ძალიან უსამართლო იყო, რასაც მას და მის ოჯახს უკეთებდნენ, იმდენად, რომ მისმა ქალიშვილებმა მშვენიერი წერილი მომწერეს მშობლების შესახებ (ახლახან გამოვაქვეყნე). მისი წაკითხვის შემდეგ, სამართლიანობის ინტერესებიდან გამომდინარე და ქალიშვილის სიყვარულით აღსავსე თხოვნის საფუძველზე, გადავწყვიტე, რომ ჰენრისა და იმელდასთვის სრული შეწყალება მიმეღო. არასდროს მისაუბრია კონგრესმენთან, მის მეუღლესთან ან ქალიშვილებთან, მაგრამ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, რომ ვიბრძოდი ოჯახისთვის, რომელსაც ძალიან ავადმყოფი და შეშლილი ადამიანები აწამებდნენ, მათ ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ! ხელი მოვაწერე დოკუმენტებს და ოვალურ კაბინეტში ხალხს ვუთხარი, რომ ძალიან კარგი, შესაძლოა, სიცოცხლის გადამრჩენი, საქმე გავაკეთე. ღმერთი ძალიან ბედნიერი იყო ჩემით იმ დღეს! შემდეგ კი ეს მოხდა!!! შეწყალების ხელმოწერიდან სულ რაღაც მცირე ხნის შემდეგ კონგრესმენმა ჰენრი კუელარმა გამოაცხადა, რომ ის კვლავ „კენჭს იყრის“ კონგრესში, ტეხასის დიდებულ შტატში (შტატი, სადაც მე მივიღე ყველაზე მეტი ხმა!), როგორც დემოკრატი და გააგრძელებს მუშაობას იმავე რადიკალ მემარცხენე ნაძირლებთან, რომელთაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ სურდათ, რომ მას და მის მეუღლეს დარჩენილი ცხოვრება ციხეში გაეტარებინათ და ალბათ დღესაც ასეა! ერთგულების ასეთი ნაკლებობა, რაც ტეხასელ ამომრჩევლებს და ჰენრის ქალიშვილებს არ მოეწონებათ. კარგი, შემდეგ ჯერზე აღარ ვიქნები ბატონი კარგი ბიჭი!“ – წერს ტრამპი.