დონალდ ტრამპი – გვაქვს ამერიკის ყურე და ამერიკის ტბა, ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია, ამიტომ შესაძლოა, მოგვიწიოს ატლანტის ან წყნარი ოკეანის სახელის შეცვლა, შესაძლოა, ორივეს შევუცვალოთ სახელი

23:00, 27.08.2026

გვაქვს ამერიკის ყურე და ამერიკის ტბა, ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია, ამიტომ შესაძლოა, მოგვიწიოს ატლანტის ან წყნარი ოკეანის სახელის შეცვლა, შესაძლოა, ორივეს შევუცვალოთ სახელი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, სადაც ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლის განკარგულებას ხელი მოაწერა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა გზავნილს უგზავნის კანადას ამ გადაწყვეტილებით და რატომ იყო მისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო ურთიერთობებში დიდი ხნის განმავლობაში არსებული დისბალანსი მიუღებელია.

„ეს საინტერესო კითხვაა. არანაირი გზავნილი. როგორც იცით, კანადა დიდი ხნის განმავლობაში გვძარცვავდა სავაჭრო ურთიერთობებში, რაც ძალიან სამწუხაროა. სამხედრო სფეროშიც კი, იცით, ჩვენ კანადას ვიცავთ და სანაცვლოდ არაფერს ვიღებთ. ისინი არ გვიხდიან იმისთვის, რომ კანადა დავიცვათ, მაგრამ ჩვენ ვიცავთ კანადას. და მათ ეს ესმით. მათ სურთ, რომ შტატივით მოვექცეთ, მაგრამ ისინი შტატი არ არიან. თუმცა სურთ, რომ ისე მოვექცეთ, თითქოს შტატი იყვნენ. ჩვენ ამას აღარ გავაკეთებთ. ბოლო 15 წლის განმავლობაში, საშუალოდ, კანადის გამო წელიწადში 60 მილიარდ დოლარზე მეტს ვკარგავთ. ამიტომ ამის გაგრძელება აღარ შეგვიძლია. ჩვენ გვიყვარს კანადის ხალხი. არ ვფიქრობ, რომ მათი წარმომადგენლები სათანადოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს. შესაძლოა, ისინი შეიცვალონ. ნამდვილად არ ვიცი. ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ის, რაც კანადასთან დაკავშირებით ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა, გაგრძელდეს. ეს უნდა შეწყდეს. ამიტომ მათგან შემომავალ ავტომობილებზე მნიშვნელოვან ტარიფებს დავაწესებთ, რადგან გვინდა, ავტომობილები აქ, ამერიკაში დამზადდეს. ჩვენ არ გვაინტერესებს, თუ მათ სურთ საკუთარი ავტომობილების წარმოება, კანადისთვის მანქანების დამზადება გააგრძელონ. მაგრამ არ გვინდა, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აწარმოებდნენ ავტომობილებს. ეს ძალიან მარტივია. იგივე ეხება ბევრ სხვა პროდუქტსაც. რაც შეეხება ტბის სახელის შეცვლას და მის „ამერიკის ტბად“ გადარქმევას, ამაზე რეალურად დიდი ხანია, ვფიქრობდი. როგორც იცით, ჩვენ ავიღეთ რაღაც, რასაც მექსიკის ყურე ეწოდებოდა, შევცვალეთ მისი სახელი და ახლა მას სრულიად ჩვეულებრივად ამერიკის ყურეს უწოდებენ. თუ დავფიქრდებით, გვაქვს ყურე და გვაქვს ტბა. ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია. ამიტომ, შესაძლოა, მოგვიწიოს ატლანტის ოკეანის ან წყნარი ოკეანის სახელის შეცვლა. შესაძლოა, ორივეს სახელი შევცვალოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის ის ასე კონცენტრირებული ამერიკის მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების გადადგმაზე, ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი ზომები მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მიიღოს, ტრამპმა უპასუხა, რომ კანადის ოფიციალური პირები აშშ-ს ძალიან ცუდად ექცევიან და ამერიკელ ფერმერებს 400-პროცენტიან ტარიფებს უწესებენ. მისი თქმით, კანადასთან სავაჭრო ურთიერთობები წლების განმავლობაში პრობლემური იყო და ქვეყანა აშშ-ისთვის ვაჭრობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პარტნიორია.

„კანადელი ოფიციალური პირები ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცნენ. ისინი საზიზღარი ადამიანები არიან. ისინი ჩვენს ფერმერებს 400-პროცენტიან ტარიფებს უწესებენ. ამას დიდი ხანია, აკეთებენ. მე ამას პირველივე ვადაში მივხვდი და საკმაოდ მკაცრი ზომები მივიღე, რის შემდეგაც სიტუაცია საკმაოდ კარგად მიდიოდა. შემდეგ არჩევნები გაყალბდა, ახლა კი მე დავბრუნდი, რომ ყველაფერი გავაკეთო და საქმე ბოლომდე მივიყვანო. მაგრამ ისინი ჩვენ ძალიან ცუდად გვექცევიან. კანადა ჩვენ ძალიან ცუდად გვექცევა. როგორც იცით, ორ კვირაში პრეზიდენტი სი ძინპინი ჩამოდის. ჩვენ უამრავ ადამიანთან ვურთიერთობთ. ხშირად მეკითხებიან: რომელ ქვეყანასთან არის ყველაზე რთული სავაჭრო ურთიერთობა? მე ვპასუხობ – ეს მარტივია, კანადა. ისინი ვაჭრობის მხრივ ყველაზე ცუდები არიან. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი