დონალდ ტრამპი – გუშინ ძლიერი დარტყმა უნდა მიგვეყენებინა და მათ დაგვირეკეს, არ მინდა, სიტყვა „ვედრება“ გამოვიყენო, მაგრამ ირანს არ სურდა, დარტყმა განგვეხორციელებინა, მათ თქვეს, რომ ლაპარაკი უნდოდათ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის „უკანასკნელი შანსია კარგი დოკუმენტის“ გასაფორმებლად. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გადადო ირანზე თავდასხმა.
მისივე თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლების თხოვნით, მოლაპარაკებებს განაგრძობს.
„გუშინ ძალიან ძლიერი დარტყმა უნდა მიგვეყენებინა მათთვის. ეს იქნებოდა ნებისმიერ დარტყმაზე უფრო ძლიერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ მზად ვიყავით და მათ დაგვირეკეს. ამასთან, საუდის არაბეთმაც დაგვირეკა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც დაგვირეკა, კატარმაც, ბევრმა სხვამ. არ მინდა, სიტყვა „ვედრება“ გამოვიყენო, მაგრამ გარკვეულწილად, ირანს არ სურდა, დარტყმა განგვეხორციელებინა. მათ თქვეს, რომ ლაპარაკი უნდოდათ. გვინდა, ვილაპარაკოთ სრუტეზე, მაგრამ, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, გვინდა, ვისაუბროთ ირანის ბირთვულ განიარაღებაზეც, რადგან სწორედ ეს არის მთელი ამბის არსი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ირანთან მოლაპარაკებები „სწრაფად წარიმართება“ და ჰორმუზის სრუტე შესაძლოა, უკვე 4 აგვისტოს სრულად გაიხსნას. ეს, მისი შეფასებით, შეთანხმების „პირველი ფაზა“ იქნება. დონალდ ტრამპის თქმით, „მეორე ფაზა“ ირანის ბირთვულ განიარაღებას ითვალისწინებს, რასაც, როგორც თავად ამბობს, გარკვეული დრო დასჭირდება.