დონალდ ტრამპი - გუშინ და დღეს ისრაელში 500 000 ადამიანი იყო გამოსული, მუსლიმური და არაბული ქვეყნები, ყველა ზეიმობს, ეს აქამდე არასდროს მომხდარა, პატივია, რომ ამაში ჩართული ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში გაემგზავრა. თვითმფრინავში ასვლამდე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ზეიმობს ღაზის სექტორში ომის დასრულების მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
„ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტი იქნება. ყველა აღელვებულია ამ მომენტით. გუშინ და დღეს ისრაელში 500 000 ადამიანი იყო გამოსული. მუსლიმური და არაბული ქვეყნები, ყველა ზეიმობს. ყველა ერთდროულად ზეიმობს. ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ჩვეულებრივ, თუ ერთი ხარობს, მეორე ასე არაა, მეორე საპირისპიროს აკეთებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველა აღფრთოვანებული და აღტაცებულია. პატივია, რომ ამაში ჩართული ვარ. ეს იქნება რაღაც, რაც აქამდე არასდროს მომხდარა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თვითმფრინავში ასვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ომი დასრულდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ისრაელის პარლამენტში სიტყვითაც გამოვა, ხოლო შემდეგ შარმ ელ-შეიხში გაემგზავრება, სადაც ღაზაში ომის დასრულების საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრებიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი და ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი.