დონალდ ტრამპი – ერთადერთი, ვინც ამჟამად ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს, არის აშშ-ის საზღვაო ძალები, სრუტეში ვუშვებთ, ვისი შემოსვლაც გვსურს, ისინი შემოდიან და გადიან, ახლა სრუტე რეალურად ღიაა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების საზღვაო ძალები აკონტროლებენ. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, სრუტის გავლით ისინი სარგებლობენ, ვისაც ამის უფლებას ვაშინგტონი მისცემს.
„ერთადერთი, ვინც ამჟამად ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს, არის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები. ჩვენ გვაქვს შეუცდომელი ბლოკადა. ეს არის ფოლადის კედელი. ჩვენ სრუტეში ვუშვებთ იმ ადამიანებს, ვისი შემოსვლაც გვსურს და ეს ადამიანები შემოდიან. ისინი შემოდიან და გადიან. ასე რომ, ახლა ჰორმუზის სრუტე რეალურად ღიაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჩატარებული პრესკონფერენციისას ასევე აღნიშნა, რომ სრუტეში შემავალ გემებს ირანის პორტებში შესვლის უფლება არ აქვთ. მისი თქმით, აშშ-მა სრუტე ნაღმებისგან სრულად გაწმინდა.
„მათ არ აქვთ უფლება, შევიდნენ სრუტეში ირანისკენ წასასვლელად. ისინი ზოგჯერ ნაღმებს ყრიან და ჩვენ მათ ვპოულობთ. იცით, ჩვენ მთელი სრუტე გავწმინდეთ, როგორც ალბათ გსმენიათ, შეიძლება არც გსმენიათ. მაგრამ ჩვენ სრუტეს 100 პროცენტით ვაკონტროლებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანს აშშ-ისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, თუმცა ისინი სრულად გაკოტრებულები არიან.