დონალდ ტრამპი დემოკრატებს კომპრომისულ გეგმას სთავაზობს
დონალდ ტრამპი დემოკრატებს კომპრომისულ გეგმას სთავაზობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატებს მთავრობის მუშაობის განსაახლებლად გარიგებას სთავაზობს. დონალდ ტრამპმა სპეციალური ტელემიმართვისას დემოკრატებს იმიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული კომპრომისული გეგმა წარუდგინა. ტრამპი კვლავ ითხოვს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას, თუმცა სანაცვლოდ მზად არის, მიიღოს კანონი, რომელიც გარკვეული კატეგორიის მიგრანტებს დეპორტაციისგან დაიცავს.

კერძოდ, ტრამპის გეგმა სამი წლით გაუხანგრძლივებს დეპორტაციისგან დაცვას იმ იმიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში მშობლებმა არასრულწლოვნები ჩაიყვანეს. საუბარია ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში მიღებული DACA-ს პროგრამის 700 ათას ბენეფიციარზე ანუ „მეოცნებეზე“. ამას გარდა, დონალდ ტრამპის გეგმა ითვალისწინებს დეპორტაციისგან დაცვის პერიოდის გახანგრძლივებას იმ მიგრანტებისთვისაც, რომლებსაც დროებითი დაცული პირების სტატუსი (TPS) აქვთ. TPS-ს პროგრამით 300 ათასამდე ლტოლვილი სარგებლობს, რომლებიც წარმოშობით ისეთი ქვეყნებიდან არიან, სადაც მათი დეპორტაცია უსაფრთხო არ იქნება. ეს ქვეყნებია ჰაიტი, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, სირია, იემენი, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი და ნეპალი.

„ჩვენი საიმიგრაციო სისტემა უნდა იყოს სიამაყის და არა სირცხვილის მიზეზი“, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას და მხარეებს კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდა.

ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა ითვალისწინებს 800 მილიონი დოლარის გამოყოფას სასაზღვრო-გამშვებზე ნარკოტიკების აღმოსაჩენად სპეციალური დეტექტორებისთვის, 2 750 მესაზღვრისა და სამართალდამცველის და იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე 75 ახალი მოსამართლის დამატებას. დონალდ ტრამპის თქმით, აღნიშნულმა ინიციატივებმა მანამდე დემოკრატების მხრიდან მხარადაჭერა მოიპოვეს.

„თუ ჩვენი ეს ძალისხმევა წარმატებული იქნება, ჩვენ გვექნება გრძელვადიან პერიოდში ორპარტიული იმიგრაციული რეფორმის განხორციელების საუკეთესო შანსი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებას კვლავ ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისი უწოდა, რომელიც, მისი თქმით, სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.

თუმცა, ვიდრე დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სიტყვით გამოვიდოდა, დემოკრატიულმა პარტიამ მისი ინიციატივა უარყო.

„სამწუხაროდ, წინასწარი ცნობებით, აშკარაა, რომ ეს შეთავაზება შედეგად აქამდე უარყოფილი რამდენიმე ინიციატივისგან, რომელთაგან თითოეული მიუღებელია“, – ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, დემოკრატი ნენსი პელოსის განცხადებაში.

უკვე თითქმის ერთი თვეა, აშშ-ის ფედერალური მთავრობა დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. დემოკრატები უარს აცხადებენ საზღვარზე კედლის ასაშენებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე. ამის გამო, კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა და ფედერალურ მთავრობას დაფინანსება შეუჩერდა. ამგვარად, 22 დეკემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი გამოცხადდა, ანუ ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. 800 000-მდე საჯარო მოხელე იძულებული გახდა, უხელფასო შვებულებაში გასულიყო.