დონალდ ტრამპი ცენტრალურ ბანკს მწვავედ აკრიტიკებს
დონალდ ტრამპი ცენტრალურ ბანკს მწვავედ აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცენტრალურ ბანკს მწვავედ აკრიტიკებს. Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა ფედერალურ სარეზერვო სისტემას, რომელიც აშშ-ის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდი რისკი უწოდა.

ტრამპი თვლის, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მთავარი საპროცენტო განაკვეთი მეტისმეტად სწრაფად გაზარდა და მისი ხელმძღვანელი ჯერომი პაუელი, როგორც ჩანს, „ბედნიერია“ ამ ფაქტის გამო.

Wall Street Journal-ის კითხვაზე, რომელია ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი რისკი, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ფედერალური სარეზერვო სისტემა, რადგან საპროცენტო განაკვეთები მეტისმეტად სწრაფად გაზარდა.
ტრამპმა პაუელსიც ახსენა. „ყოველ ჯერზე, როდესაც რამე კარგს ვაკეთებთ, ის განაკვეთებს ზრდის“.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის კრიტიკა ტრამპისთვის პირველი არ არის. ის დიდი ხანია გამოხატავს თავის უკმაყოფილებას საპროცენტო განაკვეთების ზრდის პოლიტიკის გამო, რაც ანალიტიკოსების შეშფოთებას იწვევს. ტრამპმა არცთუ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა „გაგიჟდა“ და „კონტროლს მიღმა დგას“.

როგორც ცნობილია, ქვეყნის ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რაც ეკონომიკის სტაბილურობის გარანტია და აშშ-ში მიღებული არ არის მისი კრიტიკა. ტრადიციულად, აშშ-ის პრეზიდენტები თავს იკავებდნენ ცენტრალური ბანკის კრიტიკისაგან. ამიტომ ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ტრამპის მიერ არსებული ტრადიციის დარღვევა ინვესტორებში ფედერალური სარეზერვო სისტემის მიმართ ნდობას შეარყევს.