დონალდ ტრამპი – ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში ყოფნისას არანაირი ფორმით არ დააპატიმრებენ, უნდა დააპატიმრონ ის ადამიანები, რომლებმაც ირანი სიკვდილისა და განადგურების ამ სპირალში შეიყვანა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის შემთხვევაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პატიმრობა არ ემუქრება. მისივე თქმით, ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ იბრძვის, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კლავს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, პატიმრობა უნდა შეეფარდოთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც ირანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს.
„ბენიამინ ნეთანიაჰუს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით არ დააპატიმრებენ. ის ებრძვის ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რომელმაც ცოტა ხნის წინ 52 000 უდანაშაულო მომიტინგე მოკლა და ბოლო 47 წელი ამერიკელი ჯარისკაცებისა და სხვა ადამიანების მკვლელობაში გაატარა. მხოლოდ ის ადამიანები უნდა დააპატიმრონ, რომლებმაც ირანი სიკვდილისა და განადგურების ამ უპრეცედენტო სპირალში შეიყვანა, რაც წლების წინ, წინა პრეზიდენტებს უნდა მოეგვარებინათ!“ – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, 2024 წლის 21 ნოემბერს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა. ჰააგის სასამართლოს განცხადების თანახმად, არსებობს „გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად“, რომ ნეთანიაჰუ და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი ჩართული იყვნენ ქმედებებში, რომლებიც მისი იურისდიქციის ქვეშ სამხედრო დანაშაულებს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აშშ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის.