დონალდ ტრამპი - ბაიდენი გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინას შეეძლო ნატო-ში გაწევრიანება, ეს არ უნდა ეთქვა, ბაიდენის ამ განცხადების შემდეგ მაშინვე ვთქვი, რომ ომი იქნებოდა და ასეც მოხდა
დონალდ ტრამპი - ბაიდენი გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინას შეეძლო ნატო-ში გაწევრიანება, ეს არ უნდა ეთქვა, ბაიდენის ამ განცხადების შემდეგ მაშინვე ვთქვი, რომ ომი იქნებოდა და ასეც მოხდა

ბაიდენი არაკომპეტენტურია. მან როდესაც თქვა, რომ უკრაინას შეეძლო ნატო-ში გაწევრიანება, ეს იყო სისულელე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, უკრაინას ექნება ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„ისინი ამის ნაწილი არიან. მაგიდასთან იქნება უკრაინა, რუსეთი და სხვებიც იქნებიან. ბევრი ხალხია ამ თამაშში. ეს ძალიან საინტერესო სიტუაციაა, მაგრამ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. ახალგაზრდა ხალხი იღუპება იმ რაოდენობით, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ეს უაზრო ომია და უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ჰქონდა კარგი საუბარი პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან.

„ვიღაცამ თქვა, რომ მე ჯერ ზელენსკისთან უნდა დამერეკა. მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ უნდა გავიგოთ, სურს თუ არა რუსეთს შეთანხმება. მე ვიცი, რომ ზელენსკის სურს შეთანხმება. მან ეს თავად მითხრა. ახლა მე ვიცი, რომ რუსეთს სურს შეთანხმება. მე ვფიქრობ, რომ თავდაცვის მდივანმა კარგი კომენტარი გააკეთა. ჩემი აზრით, ჰეგსეტის სიტყვები ცოტა რბილიც კი იყო. მისი კომენტარი სწორია – მე ვერ ვხედავ გზას, რომ რუსეთის პოზიციაში მყოფი ქვეყანა დაუშვებს, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჯო ბაიდენის განცხადება გახდა ომის დაწყების მიზეზი.

„მე ვფიქრობ, ესაა მიზეზი, რის გამოც ომი დაიწყო, რადგანაც ბაიდენი გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინას შეეძლო ნატო-ში გაწევრიანება. მას ეს არ უნდა ეთქვა. ბაიდენის ამ განცხადების შემდეგ მე მაშინვე ვთქვი, რომ ომი იქნებოდა და ასეც მოხდა. ეს არის ომი, რომელიც არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. ბაიდენი არაკომპეტენტურია და როდესაც მან თქვა, რომ უკრაინას შეეძლო ნატო-ში გაწევრიანება, ეს იყო სისულელე. მან ასევე თქვა, რომ რუსეთმა შეიძლება, მცირემასშტაბიანი შეჭრა განახორციელოს. ესეც ძალიან დიდი სისულელე იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყების კიდევ ერთი მიზეზი გენერალი მარკ მილი და სხვა გენერლები იყვნენ.

„კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ომი დაიწყო, იყო მარკ მილი და სულელი გენერლები, რომლებიც ცუდად მოიქცნენ ავღანეთში. ჩვენ ღირსეულად უნდა გამოვსულიყავით ავღანეთიდან. მაგრამ როდესაც პუტინმა შეხედა, თუ რა არეულობა მოაწყვეს ავღანეთში, მან თქვა, ძალიან კარგი, დროა, უკრაინაში შეჭრისთვის. მე არ ვადანაშაულებ ამერიკელებს, მაგრამ რაც მათ თქვეს, ამას ჰქონდა გავლენა პუტინის გადაწყვეტილებაზე“, – დასძინა ტრამპმა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე მჯერა, რომ მას მშვიდობა სურს. მე დავუჯერე პრეზიდენტ პუტინს, როცა მას გუშინ ვესაუბრე. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. დიახ, ვფიქრობ, რომ მას მშვიდობა სურს. ვფიქრობ, მეტყოდა, რომ არ ნდომებოდა“.