აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღი უკვე იგზავნება. ტრამპის განმარტებით, ნატო-ს ქვეყნები ყიდულობენ ამერიკულ იარაღს, მათ შორის „პეტრიოტის“ სისტემებს და რაკეტებს, რათა უკრაინას გადასცენ.
„ისინი უკვე იგზავნება. ისინი მიდის გერმანიიდან და შემდეგ გერმანია ანაცვლებს მათ თავიანთ მარაგში. ყველა შემთხვევაში, შეერთებული შტატები სრულად მიიღებს ანაზღაურებას. ასე რომ, რაც ხდება, როგორც იცით, ძირითადად ევროკავშირის საქმეა. ნატო ყველაფრისთვის გადაგვიხდის. ზოგ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნები უშუალოდ გადაგვიხდიან. ასე რომ, ჩვენი მხრიდან აღარ იქნება რამე ინვესტიცია. ჩვენ ფულს დავიბრუნებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ იქნებიან: „კვირაში 5-6 ათას ჯარისკაცს ვიხსნით. ისინი არიან რუსები და უკრაინელები. ისინი არ არიან ამერიკელი სამხედროები. ჩვენ სამხედროებს არ გავაგზავნით“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, შიშობს თუ არა, რომ რუსული ზეთის მყიდველებზე მეორადი ტარიფები ზიანს მიაყენებს ამერიკელ მომხმარებლებს? ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა: „არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ გაქრება. პუტინი ამბობს, მინდა მშვიდობა, მაგრამ ამჟამად ის არ ასრულებს ამას“.
ტრამპის განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადების შემდეგ მას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არ უსაუბრია.