დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეუძლია, გამოსცეს განკარგულება, რომლითაც ფოსტით ხმის მიცემას აკრძალავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეუძლია, გამოსცეს განკარგულება, რომლითაც ფოსტით ხმის მიცემას აკრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას შეუძლია, გამოსცეს განკარგულება, რომლითაც ფოსტით ხმის მიცემას აკრძალავს. თუმცა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ის ამას ჯერ არ გააკეთებს. ამასთან ერთად, ტრამპის თქმით, ის ეჭვობს, რომ საფოსტო განყოფილებები ამ მეთოდით შევსებული ბიულეტენების მისაღებად მზად არ არიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ფოსტაში ძალიან კარგი ხალხი მუშაობს, მაგრამ მათ ძველი აღჭურვილობა და ტექნიკა აქვთ. მე არ მგონია, რომ ფოსტის განყოფილებები ამისთვის მზად არიან“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ფოსტით ხმის მიცემის მეთოდების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ამ გზით ჩატარებული არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების ალბათობა მაღალია. თავის მხრივ, ტრამპის ოპონენტი დემოკრატები ამტკიცებენ, რომ პანდემიის პერიოდში არჩვენების სრულყოფილად ჩასატარებლად ფოსტით ხმის მიცემის მეთოდს ალტერნატივა არ აქვს.

ფოსტით ხმის მიცემის საკითხთან დაკავშირებული შეშფოთების გამო გასულ კვირას დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების პერსპექტივაზე ალაპარაკდა. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებაც არჩვენების თარიღის შეცვლა კატეგორიულად გამორიცხეს.

დატოვე კომენტარი