დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, ჩინეთში ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შეხვდეს

01:20, 20.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდეს.

„ამას გავაკეთებდი. არა იმდენად უკრაინის საკითხის გამო, რადგან, სიმართლე რომ ვთქვა, რუსეთი უკრაინის საკითხში არც ისე აქტიურია, ისინი ბევრს არაფერს აკეთებენ. იგივე ეხება ჩინეთსაც. ჩვენ ბირთვულ იარაღსა და ბირთვულ განიარაღებაზე უნდა ვისაუბროთ. ყოველთვის, როცა განიარაღებაზე შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა მაქვს, ამას მივესალმები“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-ს ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს.

„მეორე ადგილზე რუსეთია, მესამეზე კი ჩინეთი, თუმცა ის სწრაფად გვიახლოვდება. ჩინეთი ადრე მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა, ახლა კი გვეწევა. ამას, სავარაუდოდ, დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება. შეხვედრას ბირთვული განიარაღების საკითხზე დავგეგმავდით და ეს მსოფლიოსთვის ძალიან დადებითი ნაბიჯი იქნებოდა. ასე რომ, ამას გავაკეთებდი.

ახლახან გავიგე ამ ინიციატივის შესახებ. თუ მათ შეხვედრა სურთ, ვფიქრობ, ის ჩინეთში გაიმართება. სი ძინპინი ახლახან იყო აქ. თუ მას ამის სურვილი ექნება, შეხვედრას გავმართავ. დარწმუნებული ვარ, სხვა საკითხებზეც ვისაუბრებთ, მათ შორის ვაჭრობაზე, მაგრამ დიახ, ამას გავაკეთებდი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინასთან მიმართებით სამართლიანად იქცეოდა, ისევე როგორც რუსეთი.

„სი ძინპინი უკრაინასთან მიმართებით ძალიან სამართლიანად იქცეოდა. ის ზედმეტად არ ერეოდა. იგივე შეიძლება, ითქვას რუსეთზეც. მათ თავიანთი შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი არ გამოუყენებიათ. მათ იციან, რომ ამას ვაფასებ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი