დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის შეთანხმება ისტორიის კურსს შეცვლის
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის შეთანხმება ისტორიის კურსს შეცვლის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის მიღწეული შეთანხმება ისტორიის კურსს შეცვლის. დონალდ ტრამპმა ეს განცხადება თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ასევე ბაჰრეინისა და გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ შევცვალოთ ისტორიის კურსი. დაყოფისა და კონფლიქტის ათეულობით წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთის ახალ დასაწყისს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა .

დონალდ ტრამპის თქმით, ნორმალიზაციის შეთანხმება მთელ რეგიონში მშვიდობის დასაწყისი იქნება, რაც ბევრისთვის დღემდე წარმოუდგენელი იყო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.