დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაეხმარება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს თავდაცვაში, თუ რუსეთი კვლავ განაგრძობს ესკალაციას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაეხმარება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს თავდაცვაში, თუ რუსეთი კვლავ განაგრძობს ესკალაციას.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრაზე. „ეს არ მოგვწონს“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამგზავრებამდე.
ცნობისთვის, სამმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე 19 სექტემბერს დაარღვია. მედიის ცნობით, ინციდენტი ფინეთის ყურეში მოხდა, სადაც რუსული ავიაგამანადგურებლები, კერძოდ, „მიგ-31“-ები ესტონეთის თანხმობის გარეშე ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და იქ 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მანამდე, 10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს.