დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთში, საჰაერო ბაზის მახლობლად შესაძლო ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულები დაკვირვების ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ

22:04, 27.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში, რაფ ფეირფორდის სამხედრო-საჰაერო ბაზის მახლობლად შესაძლო ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებული პირები დაკვირვების ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, დაკავებულები „გეგმავდნენ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას“ იმ ავიაბაზისთვის, რომელსაც აშშ-ის ჯარები ირანული სარაკეტო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად იყენებდნენ. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს დასტური დაკავებულებსა და ირანს შორის რაიმე კავშირის შესახებ.

„დიდ ბრიტანეთში განხორციელებული დაკავება ფანტასტიკური იყო. ჩვენ ბრიტანეთთან ერთად ვმუშაობდით და ეს შესანიშნავი იყო. ჩვენ მათზე გამოძიება გვქონდა დაწყებული. ისინი ჩვენი ბაზისთვის დიდი ზიანის მიყენებას გეგმავდნენ. ბრიტანელებთან თანამშრომლობამ კი შესანიშნავი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რაფ ფეირფორდის სამხედრო-საჰაერო ბაზის მახლობლად, ასაფეთქებელი ნივთიერებების ფლობისა და ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილობის საფუძველზე, ხუთი მამაკაცი დააკავა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ სამხედრო აეროდრომისკენ მიმავალი სამი საეჭვო ავტომობილის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

აღნიშნულ ბაზას შეერთებული შტატები იმ ირანული სარაკეტო ობიექტების დასაბომბად იყენებდა, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გემებს ესხმოდნენ თავს.

მსგავსი