დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავღანეთში რუსეთის მიერ ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდირებისთვის დაწესებულ ჯილდოებზე ინფორმაციას არ ფლობს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავღანეთში რუსეთის მიერ ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდირებისთვის დაწესებულ ჯილდოებზე ინფორმაციას არ ფლობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიას გამოეხმაურა, სადაც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ავღანეთში რუსეთის მიერ ამერიკელი ჯარისკაცების დაკვეთილი მკვლელობების შესახებ მარტში აცნობეს, თუმცა ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ნაბიჯები დღემდე არ გადაუდგამს.

დონალდ ტრამპი წერს, რომ მსგავსი ინფორმაცია მისთვის ან ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის არავის გაუზიარებია. ტრამპი გამოცემისგან ანონიმური წყაროს დასახელებასაც ითხოვს.

„არც ჩემთვის და არც ვიცე-პრეზიდენტ პენსისთვის ავღანეთში რუსების მიერ ჩვენს ჯარისკაცებზე ე.წ. შეტევებზე არავის არაფერი უთქვამს, როგორც ამას, „ანონიმურ წყაროზე“ დაყრდნობით, ფეიკნიუს „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. ამას ყველა უარყოფს და ავღანეთში ჩვენზე ბევრი შეტევა არ განხორციელებულა. არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ისეთი ხისტი, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია. კორუმპირებული ბაიდენისა და ობამას დროს რუსეთი თავის ნებაზე იყო და უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილები დაიკავა. სად არის ჰანთერი? [ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი] ეს ალბათ „თაიმსის“ კიდევ ერთი ყალბი სტატიაა, როგორც რუსეთზე არშემდგარი შეთქმულების თეორია იყო. ვინ არის მათი წყარო?“, – წერს დონალდ ტრამპი.

მოგვიანებით ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსისგან“ ანონიმური წყაროს გასაჯაროებაც მოითხოვა.