დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს

02:35, 17.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობაა“.

„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირია, რომლის ხარჯების დიდ ნაწილს, როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები იხდის, არამედ აგზავნის სიგნალს, რომელიც სრულიად შეუსაბამო და მტრულია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა აშშ-თან ერთად ირანის ბირთვული განიარაღების პროცესში მონაწილეობაზე.

„შესაძლოა, კავშირი არ არსებობდეს (?), მაგრამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ვკითხე, სურდათ თუ არა ჩვენთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკის დენუკლეარიზაციაში მონაწილეობა და მათ მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!““, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

გასულ კვირას აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ხელმძღვანელებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყოველწლიური სამხედრო წვრთნების დაწყება დააანონსეს. მათი განცხადებით, 11-დღიანი სამხედრო წვრთნები მასშტაბით წინა წლების მსგავსი იქნება. მასში დაახლოებით 18 000 სამხრეთკორეელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი