დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკული ბომბდამშენები ბრიტანული ბაზიდან საფრთხის გამო გაიყვანეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკული ბომბდამშენები ბრიტანული საჰაერო ბაზიდან საფრთხის გამო გაიყვანეს.
„იყო გარკვეული მუქარა და მტრის გამოწვევის ნაცვლად, უკეთესია, ის დავიჭიროთ და დავამარცხოთ. რატომ უნდა დაგვეტოვებინა ისინი იქ? ამიტომ გადავიტანეთ. არც ისე შორს“, – აღნიშნავს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საფრთხის შესაძლებლობაზე ინფორმაცია ჰქონდათ და ამიტომ ბომბდამშენები ახლოს, სხვა ადგილას გადაიყვანეს. მისივე განმარტებით, გადაადგილება დიდ ხარჯთან არ არის დაკავშირებული და არ არსებობდა მიზეზი, რომ თვითმფრინავები საფრთხის ქვეშ დაეტოვებინათ.
„ჩვენ ისიც ვიცით, ვინ იყვნენ მუქარის ავტორები. მათ პრობლემები შეექმნებათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკული ბომბდამშენების ბრიტანული საჰაერო ბაზიდან გაყვანასა და ირანის სავარაუდო შეთქმულებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.
ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში მდებარე RAF Fairford-ის ავიაბაზაზე იყო განლაგებული. ისინი ბოლო დროს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოიყენეს. გასულ კვირას ბაზის მახლობლად ხუთი ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს, მათ ტერორისტული აქტების მომზადებაში ედებათ ბრალი. „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აღნიშნული ბაზა მანამდე სამიზნედ დაასახელეს.