დომინიკ ტიმმა ბარსელონის ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო
დომინიკ ტიმმა ბარსელონის ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო

ბარსელონაში ATP500-ის ტურნირის ტრიუმფატორი ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახდა, რომელმაც კარიერაში გრუნტის საფარზე მეცხრე ტიტული მოიპოვა.

ტიმმა კატალონიის დედაქალაქში ისე გაიმარჯვა, რომ ერთი სეტიც არ წაუგია, არადა ავსტრიელს ნახევარფინალში „გრუნტის მეფესთან“, რაფაელ ნადალთან მოუწია თამაში, ფინალში კი რუს დანიილ მედვედევთან პირველ სეტში 0:3 ჩამორჩა. თუმცა, ამის შემდეგ ტიმმა სრულ უპირატესობას მიაღწია – მომდევნო 13 გეიმიდან 12 მოიგო და 73 წუთში 6:4, 6:0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ავსტრიელმა ჯამში მხოლოდ ხუთი ქულა წააგო.

ტიმმა კარიერაში მე-13 ტიტული მოიგო, რისთვისაც 500 000 ევრო მიიღო.