დომინიკ ტიმი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT
დომინიკ ტიმი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომინიკ ტიმმა გამოაცხადა, რომ გამოტოვებს აშშ-ის ღია პირველობას, რომელიც 30 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე გაიმართება. მანვე დაადასტურა, რომ არ ითამაშებს სეზონის დარჩენილ ტურნირებში.

27 წლის ჩოგბურთელმა ვერ მოასწრო მაჯის ტრავმის შემდეგ აღდგენა, რომელიც ივნისში მალიორკაში გამართულ ტურნირზე მიიღო. სწორედ ამ დაზიანების გამო, ტიმმა გამოტოვა უიმბლდონი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები.

„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ვიცავდი ექიმების რეკომენდაციებს, ვატარებდი სახვევს, ვაკეთებდი ვარჯიშებს, რათა შემენარჩუნებინა ფორმა იქამდე, სანამ განვაახლებდი კორტზე ვარჯიშებს. ჩემი რეაბილიტაცია კარგად მიდიოდა, მაგრამ გასულ კვირას ბურთი დავარტყი და ისევ ვიგრძენი ტკივილი“, – დაწერა ტიმმა „ტვიტერში“.

„ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვიცი, რომ ეს უნდა გავაკეთო. წინ გრძელი კარიერა მაქვს და მნიშვნელოვანია არ ვიჩქარო დაბრუნება“, – დაამატა ავსტრიელმა.

დომინიკ ტიმი მეექვსეა ATP-ის რეიტინგში. ის 2020 წელს აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.