„დოიჩე ველე“ - პოლონეთის საგარეო უწყებამ დაიბარა საფრანგეთის ელჩი მას შემდეგ, რაც მაკრონმა მორავიეცკის შეურაცხყოფა მიაყენა
„დოიჩე ველე“ - პოლონეთის საგარეო უწყებამ დაიბარა საფრანგეთის ელჩი მას შემდეგ, რაც მაკრონმა მორავიეცკის შეურაცხყოფა მიაყენა

პოლონეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დაიბარეს საფრანგეთის ელჩი მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში შეურაცხყოფა მიაყენა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორაციეცკის – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი არის „ულტრა-მემარჯვენე ანტისემიტი, რომელიც ლგბტ ადამიანებს კრძალავს“.​ მაკრონმა ეს კომენტარი გააკეთა კვირას გასამართი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

მედიის ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლუკაშ იასინამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის Le Parisien-თან ინტერვიუს შემდეგ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ზბიგნევ რაუმ საფრანგეთის ელჩის გამოძახება გადაწყვიტა.

მანამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა მაკრონის გადაწყვეტილება, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არაერთი სატელეფონო ზარი გამართა. „რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? ჩვენ არ ვმსჯელობთ, არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კრიმინალებთან. კრიმინალებს უნდა ებრძოლო“, – განაცხადა მორავიეცკიმ.