დოჰას მასტერსის დასკვნით დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს
დოჰას მასტერსის დასკვნით დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გამოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური იასპარეზებენ. 100 კგ-ში კი ვარლამ ლიპარტელიანი მედლისთვის ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთვება. საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტი ძიუდოისტით მძიმე წონაშია (+100) წარმოდგენილი, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას სამი სპორტსმენი დაიცავს. ესენი არიან გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და ახალგაზრდა გელა ზაალიშვილი, რომელიც თავის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, დიდი შანსია მეორე წრეში ლეგენდარულ ძიუდოისტს ტედი რინერს შეხვდეს. ფრანგი პირველ ორთაბრძოლას ნიდერლანდელ როი მეიერთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

წინასწარი შეხვედრები 11.00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე დაიწყება.