„დნიპროში“ ქართველების ყოფილ მწვრთნელს ცოდვები გაუხსენეს - ის მოთამაშეებს 100 ათას დოლარს სთხოვდა
„დნიპროში“ ქართველების ყოფილ მწვრთნელს ცოდვები გაუხსენეს - ის მოთამაშეებს 100 ათას დოლარს სთხოვდა

უკრაინულ საფეხბურთო კლუბ „ინგულეცის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე პოვოროზნიუკმა თქვა, რომ ჯაბა კანკავას ყოფილი გუნდის, იგორ კოლომოისკის კუთვნილი „დნიპროს“ ექს-მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს ფულს სძალავდა.

„თქვენ „დნიპროს“ ისტორიაზე ბევრი რამ არ იცით. გუნდის ყოფილ მწვრთნელს, რომლის სახელსაც არ ვიტყვი, წელიწადში ხელფასი 4 მილიონი ევრო ჰქონდა. როდესაც მოთამაშეებს იწვევდა, თითოეული მათგანისგან 100 ათას დოლარს იღებდა. როდესაც კლუბის პრეზიდენტმა კოლომოიცკიმ დაითხოვა, თავხედობა ეყო და თანამდებობიდან განთავისუფლებისთვის კომპენსაცია მოითხოვა. კოლომოისკი პრინციპულად არ დათანხმდა და ფული არ გადაუხადა. მე რომ გუნდში ამხელა ფულს ვინმე მპარავდეს, ზუსტად ასე მოვიქცეოდი“ – განაცხადა პოვოროზნიუკმა „კომსომოლსკაია პრავდა-უკრაინა“-სთან ინტერვიუში.

მართალია, „ინგულეცის“ პრეზიდენტმა მწვრთნელის გვარი არ დააკონკრეტა, მაგრამ ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ „დნიპროს“ სახელფასო დავალიანების გადაუხდელობისთვის ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა უჩივლა, რომელიც მადრიდის „რეალსა“ (2008–2009) და „ტოტენჰემსაც“ (2007–2008) ავარჯიშებდა, ხოლო „დნიპროში“ 2010–2014 წლებში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ რამოსმა სასამართლო პროცესი მოიგო, „დნიპროს“ კი უეფამ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა, რის შედეგადაც გუნდმა 2015-16 წლების სეზონის ევროპა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა ვერ მიიღო. გარდა ამისა, გუნდას უკრაინის ჩემპიონატში ექვსი ქულა დაექვითა.

საინტერესოა, რომ ხუანდე რამოსის მუშაობის დროს „დნიპროს“ ძირითად შემადგენლობას ჯაბა კანკავა არ გააკარეს და საქართველის ნაკრების კაპიტანმა ორი წელი იჯარით კრივოი როგის „კრივბასში“ გაატარა, ხოლო სანდრო კობახიძეს და უჩა ლობჟანიძეს ძირითად გუნდში თამაშის შანსი არც ჰქონიათ.