დმიტრო კულება - ველოდებით, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი იპოვის გზას, დაარწმუნოს ვლადიმერ პუტინი, დაუბრუნდეს მარცვლეულის ინიციატივას, ერდოღანი ალბათ ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ეს შეუძლია
დმიტრო კულება - ველოდებით, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი იპოვის გზას, დაარწმუნოს ვლადიმერ პუტინი, დაუბრუნდეს მარცვლეულის ინიციატივას, ერდოღანი ალბათ ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ეს შეუძლია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ გასულ კვირას საუდის არაბეთში გამართული სამიტი, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყანა ესწრებოდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან აჩვენა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული ათპუნქტიანი „მშვიდობის გეგმის“ მხარდასაჭერად კოალიციის შექმნა შესაძლებელია.

„მე მჯერა, რომ ჯიდაში გამართული შეხვედრა იყო გარღვევა, რადგან პირველად შევკრიბეთ ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ მთელ მსოფლიოს, არა მარტო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა კულებამ მედიასთან საუბრისას.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ასეთ შეხვედრებში მონაწილეობით, გაზრდილია ბოლო თვეების განმავლობაში, თუმცა როგორც კულებამ აღნიშნა, მიუხედავად ამ პროგრესისა, რუსეთის გავლენის წინააღმდეგობა ისეთ ადგილებში, როგორიცაა აფრიკა, სადაც მოსკოვთან კავშირები საბჭოთა პერიოდიდან იწყება, გამოწვევად რჩება.

ამასთან, დმიტრო კულებამ ისაუბრა „მარცვლეულის შეთანხმების“ მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელსაც აქვს დაბალანსებული ურთიერთობები მოსკოვსა და კიევს შორის, შეუძლია გაერო-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების აღდგენა.

„ჩვენ ველოდებით, რომ პრეზიდენტი ერდოღანი იპოვის გზას, დაარწმუნოს პრეზიდენტი პუტინი, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მოლოდინისთვის. ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ალბათ ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დაარწმუნოს პრეზიდენტი პუტინი, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.