დმიტრო კულება - რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და საფრთხემ, რომელსაც კრემლი უქმნის ევროპას, კონტინენტზე მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის ეპოქა დაასრულა
დმიტრო კულება - რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და საფრთხემ, რომელსაც კრემლი უქმნის ევროპას, კონტინენტზე მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის ეპოქა დაასრულა

რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და საფრთხემ, რომელსაც კრემლი უქმნის ევროპას, კონტინენტზე მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის ეპოქა დაასრულა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ The Irish Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

კულებამ აღნიშნა, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო საშუალება.

„პირადად მე მჯერა, რომ დასრულდა ნეიტრალიტეტის ეპოქა, ისევე, როგორც ევროპაში მშვიდობის ეპოქა. ეს სამწუხარო რეალობა არის ჩვენი კონტინენტის აღმოსავლეთში ახალი რევანშისტული და იმპერიული ძალის, ანუ პუტინის დიქტატურის შედეგი“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინას დაიკავებს, ის არ გაჩერდება, ამიტომ, მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა ყველა საჭირო იარაღით არის საუკეთესო გზა ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ევროპაში წარმოებული ყოველი საარტილერიო ჭურვი ევროპის დაცვას უნდა ემსახურებოდეს“, – აღნიშნა კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თხოვნით მიმართა უკრაინელებს, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაბრუნდნენ და დაეხმარონ თავიანთი სამშობლოს დაცვაში.

„ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნება“, – აღნიშნა კულებამ.