დმიტრო კულება - კონტრშეტევის კრიტიკოსები ჩვენს ჯარისკაცებს სახეში აფურთხებენ
კონტრშეტევის კრიტიკოსები ჩვენს ჯარისკაცებს სახეში აფურთხებენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„კონტრშეტევის ნელი ტემპის კრიტიკა უდრის უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სახეში შეფურთხებას, რომლებიც ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს, წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ თითო-თითო კილომეტრის მიყოლებით უკრაინის მიწას. ყველა კრიტიკოსს ვურჩევ, გაჩუმდეს. ჩამოდით უკრაინაში და შეეცადეთ, გაათავისუფლოთ ერთი კვადრატული სანტიმეტრი საკუთარი ძალებით“, – განაცხადა კულებამ.
„პოლიტიკო“ წერს, რომ კულებამ გამოიყენა შანსი და დაჟინებით მოითხოვა კიევისთვის მეტი სამხედრო დახმარება.
„დისკუსია, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ გერმანიის მთავრობასთან, არის Taurus-ის შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებაზე – საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე გააკეთეს ეს. ბერლინმა განიხილა Taurus-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდება, რომელთა მოქმედების მანძილი 500 კილომეტრზე მეტია. ნამდვილად არ არსებობს არცერთი ობიექტური არგუმენტი ამ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ. მე კონსტრუქციულად, გულწრფელად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც გონივრული იქნება. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს კონტრდაცვას და, შესაბამისად, დაგვეხმარება, რომ ომი უფრო მალე დავასრულოთ“, – აღნიშნა კულებამ.
კულებამ ასევე მოუწოდა „ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, რომლებიც ფლობენ F-16-ებს, შეუერთდნენ ნიდერლანდებს, დანიასა და ნორვეგიას საავიაციო კოალიციაში და თავიანთი წვლილი შეიტანონ არა მხოლოდ წვრთნებით, არამედ თვითმფრინავებითაც“.