დმიტრი ანტილევსკი - „დინამო“ უნდა ვეცადოთ, კონფერენს ლიგაზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ #1TVSPORT 
დმიტრი ანტილევსკი - „დინამო“ უნდა ვეცადოთ, კონფერენს ლიგაზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ #1TVSPORT 

24 წლის ბელარუსმა შემტევმა, დმიტრი ანტილევსკიმ „დინამო თბილისში“ გატარებულ პირველ დღეებსა და გუნდთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„პირველივე დღიდან ყველაფერი მომეწონა, გუნდმაც კარგად მიმიღო. ვარჯიშებიც საინტერესოა. ჩემი პოზიცია უფრო შეტევაში თავდამსხმელების უკან თამაშია. თუმცა შეტევა ფლანგებიდანაც შემიძლია.

– მეუღლესთან მოვითათბირე და საქართველოში ჩამოსვლა და „დინამოში“ თამაში ასე გადავწყვიტე. მანამდე მაჩვენეს თბილისი, „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა, ვნახე გუნდის თამაშები. გავიცანი სამწვრთნელო სტაფი და ყველაფერი მომეწონა.

– მომართული ვარ იმისთვის, რომ გუნდს ოქროს მედლების და თასის მოპოვებაში დავეხმარო. უნდა ვეცადოთ, კონფერენს ლიგის გათამაშებაში რაც შეიძლება შორს წავიდეთ. „დინამოსთან“ პირველად შეკრებაზე გადავიკვეთე. თბილისელთა დაინტერესების შემდეგ გუნდით კიდევ უფრო დავინტერესდი.

– „დინამოს“ გულშემატკივრებს რაც შეეხებათ, ვეტყვი, რომ ყველა შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით, გუნდს რაც შეიძლება მაქსიმალური სარგებლობა რომ მოვუტანოთ. დანარჩენს თავად ნახავენ და გადაწყვეტენ, ვარ თუ არა „დინამოში“ ყოფნის ღირსი. ჩვენ გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ და აუცილებელია, მოედანზე მათთვის ბოლომდე დავიხარჯოთ“.

ბელარუსის ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გააფორმა. დმიტრი ანტილევსკის ბოლო კლუბი ჟოდინოს „ტორპედო“ გახლდათ. 2021 წლის სეზონში აღნიშნული გუნდის მაისურით შემტევმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვს გოლთან ერთად ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დმიტრი ანტილევსკი ბორისოვის „ბატეს“ აღზრდილია. ამავე კლუბის ძირითადი გუნდის გარდა, სხვადასხვა დროს მას მოგილევისდნეპრში“, საფეხბურთო კლუბ „მინსკში“ და მინსკის „დინამოში“ უასპარეზია. ანტილევსკის ბელარუსის ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად, ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა. ანტილევსკიმ ბელარუსთა შემადგენლობაში ბოლოს მიმდინარე 2021 წლის 13 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ითამაშა.