ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ სტრასბურგის სასამართლოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე მოიგო
ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ სტრასბურგის სასამართლოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე მოიგო

ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე მოიგო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ისმაილოვასთან მიმართებით დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე (პირადი ცხოვრების უფლება) და მეათე (აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება) მუხლები. სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას კომპენსაციის სახით 15 000 ევროს გადახდა და 1750 ევროს ოდენობის სასამართლო ხარჯების დაფარვა დააკისრა.

ხადიჯა ისმაილოვა ანონიმურ წერილებს იღებდა, რომლებშიც მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ, თუ ის ჟურნალისტურ გამოძიებებს არ შეწყვეტდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ მუქარებისა და თვალთვალის უკან აზერბაიჯანის ხელისუფლება დგას. თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლება ვალდებული იყო, დეტალურად გამოეძიებინა ჟურნალისტის პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტები, გამოძიების მიმდინარეობისას კი მნიშვნელოვანი ხარვეზები იქნა დაშვებული.

ეს სტრასბურგის სასამართლოში ხადიჯა ისმაილოვას მიერ მოგებული პირველი საქმე არ არის. 2017 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე 2013 წლის იანვარში ბაქოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს მისი დაკავებისა და დაჯარიმების შესახებ.მაშინ სასამართლომ ჟურნალისტისთვის გამოტანილი განაჩენი უკანონოდ ცნო და აზერბაიჯანს მისთვის კომპენსაციის სახით და სასამართლო ხარჯების დასაფარად 8 000 ევროს გადახდა დააკისრა.