ჟურნალისტებმა ნოვაკ ჯოკოვიჩის ტურნირი გააკრიტიკეს
ჟურნალისტებმა ნოვაკ ჯოკოვიჩის ტურნირი გააკრიტიკეს

ბელგრადში მიმდინარე საჩვენებელი ტურნირის (Adria Tour) ორგანიზატორებს სერიოზული კრიტიკა შეხვდათ ჟურნალისტების მხრიდან. ამის მიზეზია უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

„ცხადია, რომ პრესკონფერენციაზე არ იცავენ სოციალური დისტანცირების წესებს. გულშემატკივრები სხედან კორტთან, არანაირი სოციალური დისტანცია. სხვადასხვა ქვეყანა, დაავადების სხვადასხვა დონე. იმ თვეების შემდეგ, როცა ჩვენ ადამიანებთან ყველანაირ კონტაქტს გავურბოდით, ეს ტურნირი საშინელ სანახაობას წარმოადგენს,“ – დაწერა თავის „ტვიტერში“ რენე დენფელდმა.

„როცა უყურებ, ადამიანები როგორ ახლოს სხედან და ეხვევიან ერთმანეთს, თითქმის გავიწყდება, რისთვის იმართება ეს ტურნირი. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ, ჯანდაბა, ასეთი ბრბო 2020 წლის ივნისში შეძრწუნებას იწვევს,“ – მხარი დაუჭირა მას ბენ როტენბერგმა.

„ფოტოები Adria Tour-დან უბრალოდ შოკში გაგდებს. ეს მოთამაშეები ლაპარაკობენ უსაფრთხოების ზომებზე აშშ-ის ღია პირველობაზე და გვაფრთხილებენ, რომ შეიძლება არ ითამაშონ, ამასთან, არ აწუხებთ სავსე სტადიონი, ჩახუტება, მიკროფონების გაცვლა და სელფი. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ,“ – განაცხადა ნიკ მაკკარველმა.