ჟოზეფ ბორელმა დმიტრო კულებასთან უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი განიხილა
ჟოზეფ ბორელმა დმიტრო კულებასთან უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან. მხარეებმა უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული გაერთიანების საგარეო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კრემლის მხრიდან სამხედრო ძალების გაძლიერებამ ახალი საფრთხეები და უკრაინაში შეჭრის შიში შექმნა.

კულებასთან საუბრისას ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შემდგომი სამხედრო აგრესია ოფიციალური კიევის წინააღმდეგ იქნება უზარმაზარი, მძიმე შედეგებისა და ხარჯების მომტანი კრემლისთვის.

ბორელმა რუსეთის მიერ „მინსკის შეთანხმებების“ სრული შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მჭიდრო კოორდინაციას ახორციელებს ტრანსატლანტიკურ და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, მათ შორის რუსული მხარის მიერ წარმოდგენილი ორი ხელშეკრულების პროექტის თაობაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი რეალური დისკუსია უნდა ეფუძნებოდეს და ამავდროულად გააძლიეროს ეუთო-სა და გაერო-ს ვალდებულებები და არ გამოიწვიოს მათი ეროზია. ამავდროულად, ევროკავშირი რჩება ნებისმიერი ქვეყნის უფლების ერთგული, რათა თითოეულმა სუბიექტმა თავად გააკეთოს სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში.