ჯოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე დაამტკიცებს
ჯოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე დაამტკიცებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე დაამტკიცებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ბორელმა პანამაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ევროკომისია საბჭოსთვის სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას მიმდინარე კვირაში გეგმავს. ახალმა შეზღუდვებმა სავარაუდოდ უნდა მოიცვას რუსული ნავთობის ემბარგო.

ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი შეძლებს, მიიღოს ზომები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთიდან იმპორტს, თუმცა აღიარა, რომ ამ დროისთვის ამ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრისგან თანხმობა არ არის.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მცირე ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმება შესაძლებელი იქნება ახლა და საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე“, – განაცხადა ბორელმა.

„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის საბჭოს სხდომა 10 და 16 მაისს არის ჩანიშნული.