ჟოზეფ ბორელი - ჩვენი ჩართულობა საქართველოში არის კარგი მაგალითი, რა შეუძლია ევროკავშირს მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისთვის
ჟოზეფ ბორელი - ჩვენი ჩართულობა საქართველოში არის კარგი მაგალითი, რა შეუძლია ევროკავშირს მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისთვის

„რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში“, – ასეთი სათაურით ავრცელებს სტატიას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.

ბორელი აღნიშნავს, რომ არის მრავალი კრიზისი, რომელიც მოითხოვს ევროკავშირის ყურადღებას და მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანება იყოს ყველა იმ რეგიონში, სადაც მისი ინტერესებია.

„მოხარული ვარ, რომ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ჩემი მოწვევა და მოკლე დროში გაემგზავრნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მინისტრებმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებს სამი ძირითადი გზავნილი გადასცეს: ევროკავშირი მოწოდებულია, იყოს აქტიური მოთამაშე რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად; ევროკავშირი მზადაა, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები რეგიონული თანამშრომლობისა და კავშირის მხარდასაჭერად; ევროკავშირი ყურადღებას აქცევს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩარჩო პოლიტიკის მოქნილობასა და ჩართულობას“, – აღნიშნულია ბორელის სტატიაში.

ბორელის თქმით, სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს და ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთს ესაზღვრება. აქვე, ევროკავშირი ხედავს ამ სივრცეში ისეთი რიგი ქვეყნების მზარდ ჩართულობას, როგორებიც რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, ირანი და სხვებია. შესაბამისად, სამხრეთ კავკასია ევროგაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირსა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების, აგრეთვე ენერგორესურსების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. შესაბამისად, მათ უნდა განავითარონ რეგიონის, როგორც ურთიერთკავშირების კერის როლი.

ბორელი წერს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა გადაუჭრელ კონფლიქტებს განიცდის. შესაბამისად, ევროგაერთიანების წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების მხრიდან არის მზარდი მოლოდინები, რომ მათ უფრო აქტიური როლი შეასრულონ „აღმოსავლეთ სამეზობლოში“ არსებული ამ კონფლიქტების მოგვარებაში.

„ჩვენი ჩართულობა საქართველოში არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია ევროკავშირს მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისთვის. 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღებული საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაერთიანება ხელმძღვანელობს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგია, რომელიც 2009 წლიდან იმყოფება ადგილზე. საერთო ჯამში, ევროკავშირი საქართველოში თავისი საქმიანობის მეშვეობით ნდობის განმტკიცების უდიდესი მონაწილეა“, – აცხადებს ბორელი.

ჟოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ აფასებენ საქართველოს, როგორც ასოცირებულ ქვეყანას და მისი მისწრაფების უფრო მაღალ დონეს.

„ახლა ვემზადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დეკემბრის სამიტისთვის. ამ კონტექსტში, სამმა მინისტრმა მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის და რჩება თანამშრომლობის ინკლუზიური ფორმატით, ხოლო კონკრეტულად საქართველოსთვის ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენ ვაფასებთ მას, როგორც ასოცირებულ ქვეყანას და მისი მისწრაფების უფრო მაღალ დონეს. ევროკავშირს რეგიონისთვის აქვს ხედვა და არის სანდო პარტნიორი რეფორმების კუთხით. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციას ისეთ მრავალმხრივ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც ეუთო და გაერო-ა“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

დატოვე კომენტარი