ჟოზეფ ბორელი - ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ევროკავშირი იტოვებს უფლებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, შემზღუდავი ზომები დააწესოს
ჟოზეფ ბორელი - ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ევროკავშირი იტოვებს უფლებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, შემზღუდავი ზომები დააწესოს

ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ევროკავშირი იტოვებს უფლებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, შემზღუდავი ზომები დააწესოს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას, რომელიც მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სამხედრო ქიმიური ნერვული აგენტით, რომელიც 2018 წლის 4 მარტს სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობისას გამოყენებულის ანალოგიურია. ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ გარემოებაში აბსოლუტურად მიუღებელია, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების სერიოზულ დარღვევას. ევროკავშირი მოუწოდებს ერთობლივი საერთაშორისო რეაგირებისკენ და იტოვებს უფლებას, მიმართოს შესაბამისს ქმედებებს, მათ შორის შემზღუდავ ზომებს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჟოზეფ ბორელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ჩადენილი დანაშაულის დეტალური და გამჭვირვალე გამოძიებისთვის და პასუხისმგებელი პირების გასამართლებისთვის.

ამასთან, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირი მადლობას უხდის ბერლინში მდებარე შარიტეს კლინიკას ალექსეი ნავალნის მკურნალობისთვის და რუს ოპოზიციონერს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ევროკავშირი განაგრძობს ამ საკითხზე ყურადღებით დაკვირვებას და მისი შედეგების განხილვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.