ჟოზე მოურინიოს ჟურნალისტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს #1TVSPORT
ჟოზე მოურინიოს ჟურნალისტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს #1TVSPORT

იტალიურმა რადიოსადგურმა Retesport-მა გამოაცხადა, რომ არ მიავლენს საკუთარ ჟურნალისტებს ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენციებზე მას შემდეგ, რაც „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა „უსიამოვნო და უადგილო“ პასუხი გასცა ერთ-ერთ რეპორტიორს.

ბოლო შვიდ ოფიციალურ მატჩში „რომამ“ მხოლოდ ერთი მოიგო და პორტუგალიელი ყველას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავის გარდა.

„ვენეციას“ წინააღმდეგ სერია A-ს მე-12 ტურის წინ, პრესკონფერენციაზე მოურინიოს მძაფრი რეაქცია ჰქონდა რადიოსადგურ Retesport-ის რეპორტიორ მარკო იურიჩის შეკითხვაზე. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას სულელი უწოდა.

„პრაქტიკულად ყველა პრესკონფერენციას ესწრებით, მაგრამ ან ძალიან ჭკვიანი ხართ და გინდათ, რომ ხალხს ასეთი არ ეგონოთ, ან სულაც, არ ხართ ჭკვიანი. მინდა ვიფიქრო, რომ ჭკვიანი ხართ, მაგრამ მოგწონთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ“, – თქვა მოურინიომ.

პასუხად რომაულმა რადიოსადგურმა განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს მოურინიოს ყველა შემდგომ პრესკონფერენციას. მეტიც – გამოცხადდა, რომ „რომას“ პრესკონფერენციების ტრანსლაციებიც შეწყდება.

„Retesport სოლიდარობას უცხადებს მარკო იურიჩს იმ უადგილო და უსიამოვნო პასუხის გამო, რომელიც ბატონ ჟოზე მოურინიოსგან მიიღო. ამიტომაც ვწყვეტთ პრესკონფერენციებში მონაწილეობას, რათა თავიდან ავიცილოთ შეკითხვების ექსპლუატაცია, რომელსაც ზრდილობიანი და დაშვებული ფორმით ვსვამთ.

„რომას“ მთავარ მწვრთნელს ვუსურვებთ მონდომებით მუშაობას გუნდის კეთილდღეობის ასამაღლებლად და მთელი ყურადღების კონცენტრირებას შესაძლო ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე. ვუსურვებთ თავიდან აიცილოს აშკარა გამოხდომები, რომელიც ამ მომენტში სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია. ყოველთვის Forza Roma“, – წერია Retesport-ის განცხადებაში.