ჟოზე მოურინიოს „ბოკა ხუნიორსის“ გაწვრთნის შანსი გაუჩნდა
ჟოზე მოურინიოს „ბოკა ხუნიორსის“ გაწვრთნის შანსი გაუჩნდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელოს კარიერა. როგორც „თი-ენ-თი სპორტსი“ (TNT Sports) ირწმუნება, 55 წლის პორტუგალიელმა ამგვარი შესაძლებლობა არგენტინული გრანდის წარმომადგენლებთან უკვე განიხილა.

კერძოდ, მოურინიომ დაურეკა „ინტერში“ თავის ყოფილ შეგირდ ნიკოლას ბურდისოს და მიულოცა მას „ბოკა ხუნიორსში“ სპორტულ დირექტორად დანიშვნა. ბურდისომ პასუხად პორტუგალიელს თხოვა, დაფიქრებულიყო „ბოკაში“ შესაძლო მუშაობაზე.

მოურინიო 18 დეკემბერს გაანთავისუფლეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. თავის მხრივ, ლიბერტადორესის თასის ფინალის შემდეგ, „ბოკა ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა გილერმო ბაროს შელოტომ.