ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ გზამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი წინასასეზონო შეკრებები მომაგონა აშშ-ში, პსჟ სეზონის საუკეთესო გუნდია #1TVSPORT
თურქული „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „პარი სენ-ჟერმენს“ სეზონის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს.
„„ოქროს ბურთი“ უნდა მოიგოს იმან, ვინც ტიტულები მოიგო. ასეთია ჩემი აზრი. როგორც არ უნდა გვსურდეს, მოთამაშეები და მწვრთნელები განსაკუთრებულ ადამიანებად ვაქციოთ, ჩემთვის ფეხბურთი გუნდურ საქმედ რჩება. და ჩემი აზრით, ნებისმიერი ინდივიდუალური პრიზი ყოველთვის პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ტიტულებთან.
ამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა გამოარჩია ბიჭი, რომელმაც ასევე შესანიშნავი სეზონი ჩაატარა „ჩელსიში“. ეს არის კოულ პალმერი. მაგრამ „ჩელსის“ გზამ ნახევარფინალამდე მომაგონა „რეალთან“ ან „ინტერთან“ ერთად ჩემი წინასასეზონო შეკრებები ამერიკის შეერთებულ შტატებში. მახსენებდა იმ მატჩებს, რომელსაც იქ ვატარებდით. ასე რომ, მგონია, მსოფლიოს ჩემპიონის ეს ტიტული მნიშვნელოვანი მხოლოდ „ჩელსისთვის“ იყო, რადგან ისინი ბევრ მაისურს გაყიდიან შესაბამისი წარწერით.
ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა ამ სეზონში მთავარი გამარჯვებული. იმის გამო არა, რაც მათ შიდა არენაზე გააკეთეს – აქ ისინი ყოველთვის იგებენ. მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება და ის, რაც მათ გააკეთეს იმის გათვალისწინებით, რომ საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგეს… ეს მაგონებს იმას, როგორ გავიმარჯვე მე „ინტერთან“ ერთად, როცა იბრაჰიმოვიჩი „ბარსელონაში“ წავიდა, და ჩვენ ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელმაც ეს გუნდი დაამარცხა“.
„ოქროს ბურთზე“ ვიტინიასა და ნუნუ მენდეშის შანსებზე
„ვფიქრობ, რომ პსჟ – სეზონის საუკეთესო გუნდია და ეს პორტუგალიელი ფეხბურთელების დამსახურებაა. გონსალო რამუში ცოტას თამაშობდა, მაგრამ ხშირად ჰქონდა შედეგიანი მოქმედებები. ისინი ორივე მომწონს, ვერ ვხედავ სხვაობას. ერთადერთი რასაც ვიტყოდი ის არის, რომ იქ არის კარგი ნახევარმცველების პატარა ჯგუფი, ახლა კი მას ასეთივე დონის განაპირა მცველები დაემატნენ…
რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომელიმე მათგანმა მოიგოს „ოქროს ბურთი“, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი აგენტი ჟორჟე მენეში გამიბრაზდება, რადგან ის მიიჩნევს, რომ მისი ფეხბურთელი ლამინ იამალი უნდა გახდეს გამარჯვებული“, – სიცილით განაცხადა „ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა.