ჟორჟე ჟესუში – სანამ კრიშტიანო რონალდო შეესაბამება სანაკრებო მოთხოვნებს, მე მას გამოვიძახებ #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟესუშმა ილაპარაკა კრიშტიანო რონალდოს მომავალზე ეროვნულ გუნდში.
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან (0:1) წაგების შემდეგ 41 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს იყო მისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო, თუმცა უარი თქვა, დაედასტურებინა ნაკრებში კარიერის დასრულება.
„ჯერ არ მილაპარაკია კრიშტიანოსთან. ის არასოდეს იქნება პრობლემა არც ნაკრებისთვის და არც ჩემთვის. თითოეულს შეუძლია, საკუთარი დამოკიდებულება ჰქონდეს მასზე, როგორც ფეხბურთელზე და მის გარშემო კამათზე.
როცა დამჭირდება რამე გადაწყვეტილების მიღება, მე დაველაპარაკები მას. და არამარტო მას – ინდივიდუალურად ყველასთან მექნება კავშირი. ის პორტუგალიური ფეხბურთის, ნაკრებისა და პორტუგალიის სიმბოლოა. ეს სამუდამოდ დარჩება ისტორიაში.
ჩემთვის სასიამოვნოა მასთან მუშაობა. კრიშტიანოსთან მეტისმეტად იოლია თანამშრომლობა, თუ მას ესმის, სად გადის ზღვარი. ეს არის მწვრთნელისა და მოთამაშის ურთიერთობა. ყველაფერი მარტივად იქნება, მაგრამ ის, რა სურს აკეთოს მომავალში, ყოველთვის მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული.
მე ვიცი, რომ მას უნდა, გააგრძელოს თამაში „ალ-ნასრში“. სანამ ის თამაშობს და შეესაბამება მოთხოვნებს ნაკრებში გამოძახებისთვის, მე მას გამოვიძახებ იმ როლში და იმ პირობებით, რომელსაც საუკეთესოდ ჩავთვლი გუნდისთვის.
გასულ სეზონში „ალ-ნასრმა“ 50 მატჩი ჩაატარა, მან კი 31-ში მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატში მე ის 16-ჯერ შევცვალე. ჩვენ არასოდეს აგვირევია ერთმანეთში ფეხბურთელის სტატუსი და მწვრთნელის როლი“, – განაცხადა ჟესუშმა.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჟორჟე ჟესუშის დანიშვნის შესახებ. სპეციალისტთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა – 2030 წლის ზაფხულამდე.
71 წლის მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი იყო კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრი“, რომელთან ერთადაც 2025-26 წლების სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა.