ჟოაო ფელიქსმა „ატლეტიკოსთან“ გააფორმა კონტრაქტი
ჟოაო ფელიქსმა „ატლეტიკოსთან“ გააფორმა კონტრაქტი

პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ლოსაბონის „ბენფიკას“ აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ჟოაო ფელიქსი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. როგორც ესპანური რადიოსადგური „ონდა სერო“ (Onda Cero) იტყობინება, 19 წლის ფეხბურთელმა უკვე გააფორმა კონტრაქტი, გაიარა სამედიცინო შემოწმება და ესპანეთის დედაქალაქში გარიგების დასასრულებლად იმყოფება.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ატლეტიკო“ დათანხმდა ფორვარდის სანაცვლოდ 120 მილიონი ევროს გადახდას. ასე რომ, ეს ტრანსფერი სარეკორდო იქნება მადრიდული კლუბის ისტორიაში.

ფელიქსის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ფაქტორმა და მისმა დაპირებამ სტაბილური სათამაშო დროის შესახებ.

პორტუგალიელის შესაძენ თანხას „ატლეტიკო“ ანტუან გრიზმანის გაყიდვით მიიღებს. ამიტომაც აჩქარებენ მადრიდელები „ბარსელონას“, რომელიც ფრანგის შეძენაზე მთავარი პრეტენდენტია.

გასულ სეზონზე ფელიქსმა 43 ოფიციალურ მატჩში 20 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბენფიკასთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.