„ჟილინას“ თავდამსხმელი - „დილასთან“ სუსტად ვითამაშეთ, თანაც დაცვიდან #1TVSPORT
„ჟილინას“ თავდამსხმელი - „დილასთან“ სუსტად ვითამაშეთ, თანაც დაცვიდან #1TVSPORT

ჟილინას“ ფეხბურთელებმა გორის „დილასთან“ განმეორებითი მატჩი შეაფასეს. წაგების მიუხედავად (1:2), სლოვაკური გუნდი ორი მატჩის ჯამში (5:1, 1:2) კონფერენს ლიგის მე-2 შესარჩევ ეტაპზე გავიდა.

იან მინარიკი, „ჟილინას“ მცველი: „ბედნიერები ვართ, რომ გადავედით, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, საკუთარი თავი შემდეგ ეტაპზეც ასე გამოვავლინოთ. ძალიან დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ პირველ ტაიმში გავიტანეთ. ამან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოგვცა, რადგან მოწინააღმდეგის ზეწოლა დიდი იყო. ვიცოდით, რომ „დილას“ დაუფასებლობა არ შეიძლებოდა, რადგან კარგი გუნდია, რაც პირველ მატჩშიც აჩვენეს. მათ ბურთის კარგად ფლობა ეხერხებათ და ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავთ, რაც დღეს დაამტკიცეს. კომბინაცია არ გამოგვდიოდა და ბურთს საერთოდ ვერ ვინარჩუნებდით, ასე თამაში კი ძალიან რთული იყო. ამ დროს, მეტოქე რამდენიმე შეხებით გვეთამაშა და სივრცეები გახსნეს“.

ვან ბიჩახჩიანი, „ჟილინას“ თავდამსხმელი: „ჩვენ ვიცოდით, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა და განმეორებითი მატჩი რთული იქნებოდა. საშინაო შედეგზე ყურადღებას არ ვამახვილებდით, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ეს დაგვეხმარა. ჩვეულებრივზე უფრო სუსტად ვითამაშეთ, თანაც დაცვიდან. მიუხედავად ამისა, ტაიმის ბოლოს პენალტი გავიტანეთ. მეორე ნახევარში ისევ გაგვიჭირდა. მეტოქეს ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ მთავარია, რომ გასვლა ჩვენ მოვახერხეთ. ახლა კარგად უნდა მოვემზადოთ მეორე მეტოქესთან, კვიპროსის ძლიერ და გამოცდილ გუნდთან შეხვედრისთვის“.

კონფერენს ლიგის მე-2 შესარჩევ ეტაპზე გასული „ჟილინა“ კვიპროსის ვიცეჩემპიონს, ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდება, სადაც გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ინჯგია თამაშობენ. პირველი მატჩი 22 ივლისს კვიპროსში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – სლოვაკეთში.