„ჟილინას“ შემდეგ, შესაძლოა „კრილია სოვეტოვიც“ გაკოტრდეს - რუსული კლუბი ლიკვიდაციის პირასაა
„ჟილინას“ შემდეგ, შესაძლოა „კრილია სოვეტოვიც“ გაკოტრდეს - რუსული კლუბი ლიკვიდაციის პირასაა

სამარის „კრილია სოვეტოვი“, შესაძლოა, ლიკვიდირებული იქნას. რუსეთის პრემიერლიგის კლუბზე დასკვნა აუდიტორული შემოწმების შემდეგ რუსეთის კონტროლის პალატის სპეციალისტებმა გააკეთეს – ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ, თვითლიკვიდაცია სლოვაკურმა კლუბმა, ჩემპიონთა ლიგის ყოფილმა მონაწილე „ჟილინამ“ გამოაცხადა. მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური პრობლემები იყო. თუმცა, რუსული კლუბის შემთხვევაში, მიზეზი წინა პერიოდში მენეჯმენტის დაშვებული შეცდომები და დაგროვებული ვალებია.

აუდიტორების ცნობით, კლუბის მთლიანი შემოსავლების 80% -ს რეგიონალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები შეადგენს. ეს სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების შემცირების ტენდენციას ეწინააღმდეგება. ამავე დროს, კლუბის შესანარჩუნებლად აუცილებელი ხარჯები მუდმივად იზრდება.

შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვალები კლუბის ქონების ღირებულებას ოთხჯერ აღემატება. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა თქმით, კანონის თანახმად, ამან შეიძლება კლუბის იძულებითი ლიკვიდაცია გამოიწვიოს.

სამარის „კრილია სოვეტოვში“ ბევრ ქართველს უთამაშია – ზურაბ წიკლაურს, მამუკა მინაშვილს, ზურაბ ფოფხაძეს, ჯანო ანანიძეს, დავით მუჯირს და ალეკო ამისულაშვილს, ხოლო სამი მათგანი, წიკლაური, მუჯირი და ამისულაშვილი სამარულ კლუბის კაპიტნებიც იყვნენ.