„ჟილინას“ მწვრთნელი - საქართველოში სიცხის არ გვეშინია, „დილასთან“ მეორე შეხვედრაც უნდა მოვიგოთ #1TVSPORT
„ჟილინას“ მწვრთნელი - საქართველოში სიცხის არ გვეშინია, „დილასთან“ მეორე შეხვედრაც უნდა მოვიგოთ #1TVSPORT

სლოვაკური „ჟილინას“ მთავარმა მწვრთნელმა პავოლ სტანომ გორის „დილასთან“ „კონფერენს ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ 15 ივლისის გასამართი შეხვედრის მოგებასაც იმედოვნებს.

მას უკვე შეუძლია მარცხენა მცველ ბრისლავ სლუკის იმედი ჰქონდეს, რომელმაც პირველი მატჩი გამოტოვა. პოლონელი დევიდ კურმინოვსკი, რომელიც შარშანდელი „ფორტუნას ლიგის“ საუკეთესო ბომბარდირია (19 გოლი), დანიურ „ორჰუსში“ გადავიდა და გუნდს ვეღარ დაეხმარება.

ამის მიუხედავად, სტანო ამბობს, რომ განმეორებით მატჩში გუნდის მიზანი არა მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნება, არამედ გამარჯვებაა, რაც უეფას რეიტინგში სლოვაკეთს კოეფიციენტის გასაზრდელად სჭირდება.

„პირველი მატჩის შედეგით ჩვენ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავით, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან მეტოქემ აჩვენა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჩვენ მატჩზე უნდა წავიდეთ ისე, თითქოს ანგარიში 0:0-ია. გვინდა, თავად ვიყოთ აქტიურები და მოწინააღმდეგეს არაფერი დავუთმოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას საქართველოშიც მივაღწიოთ. ჩვენ გორშიც მოგებაც გვინდა,“ – თქვა სტანომ.

„ჟილინას“ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გორში შესაძლო რთულ კლიმატურ პირობებზეც გააკეთა:

„შეიძლება ერთადერთი პრობლემა ამინდი იყოს – მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს გონებაში დავუშვებთ, რომ სიცხე ხელს შეგვიშლის. უკიდურეს სიცხეში აქამდეც ვთამაშობდით და ამას ადრეც გავმკლავებივართ. ახლა მოწინააღმდეგე „დილაა“ და უცხო გარემოა, მაგრამ თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა, სტუმრადაც  უყოყმანოდ და მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ“.

სლოვაკეთში გამართულ პირველ შეხვედრაში „ჟილინამ“ გორის „დილას“ ანგარიშით 5:1 სძლია. განმეორებითი მატჩი დღეს, 15 ივლისს, 21:00 საათზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.