თბილისის „იბერიას“ ცენტრალური მცველი სანდრო (ალექსანდრე) ნარიმანიძე კარიერას სლოვაკურ კლუბ „ჟილინაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სლოვაკური კლუბი ავრცელებს.
ნარიმანიძე თბილისის „იბერიას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და 2023 წელს „იბერია 2“-ში დააწინაურეს. როგორც ჩანს, მან „ჟილინაში“ ტესტირება წარმატებით გაიარა და ამის შემდეგ კლუბის ფეხბურთელი გახდა.
„ძლიერი აღნაგობის ცენტრალური მცველი, რომელიც მარცხენა ფეხს ხმარობს, უკვე ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. მოკლედ, ეს არის „ჟილინას“ ახალი მოთამაშის სავიზიტო ბარათი. ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ, 191 სმ სიმაღლის ქართველი მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე გუნდში რჩება. ის საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. 19 წლის მცველმა „ჟილინასთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა“, – აღნიშნულია სლოვაკური კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სლოვაკეთის ტრადიციულ კლუბ „დუნაისკა სტრედაში“ „იბერიას“ კიდევ ერთი მცველი ცოტნე კაპანაძე გადავიდა, ხოლო თბილისელთა ნახევარმცველი ოთო მამაგეიშვილი პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ ჩაირიცხა.
„ჟილინა“ 18 ტურის შემდეგ 41 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ბრატისლავის „სლოვანს“, რომლის რიგებშიც გურამ კაშია თამაშობს, მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. „დუნაისკა სტრედა“ (24 ქულა) კი მეოთხე პოზიციაზეა.