ჟერარ პიკესა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებენ #1TVSPORT
ჟერარ პიკესა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებენ #1TVSPORT

„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე, შესაძლოა, კორუფციულ სკანდალში იყოს გარეული ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლუის რუბიალესთან ერთად. ამის შესახებ წერს გამოცემა El Confidencial.

დოკუმენტების მიხედვით, პიკე და რუბიალესი ერთმანეთს გაურიგდნენ იმ მიზნით, რომ ზეწოლა მოეხდინათ საუდის არაბეთის მთავრობაზე, რათა მას 24 მილიონი ევრო გადაეხადა საკუთარ ქვეყანაში ესპანეთის სუპერთასის ჩატარების სანაცვლოდ.

როგორც ინტერნეტში გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რუბიალესი დათანხმდა ამ გარიგების სანაცვლოდ პიკესთვის ექვსი მილიონი ევროს გადახდას და ამ საქმეში „ბარსელონას“ მცველის მონაწილეობის დამალვას. საბოლოოდ, პიკე დაეხმარა პრეზიდენტს ესპანეთის სუპერთასის საუდის არაბეთში გადატანაზე გარიგების გაფორმებაში. მცველმა მოლაპარაკებები კომპანია Kosmos-ის შუამავლობით აწარმოა, რომლის აქციონერი თავად გახლავთ.

მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის მხარესთან გარიგება დასრულდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ყოველ წელს გარანტირებულად იღებს 40 მილიონ ევროს. გარდა ამისა, რამდენიმეჯერ გაიზარდა რუბიალესის ხელფასი. ანგარიშში ასევე წერია, რომ პიკე გარიგებაში მონაწილეობის სანაცვლოდ თავისი კომპანიის მეშვეობით წელიწადში ოთხ მილიონ ევროს იღებს. კონტრაქტში არის პუნქტი, რომ კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს, თუ Kosmos დროულად არ მიიღებს თავის კუთვნილ თანხას.