ჟერარ პიკემ საკალათბურთო „რეალს“ შეუტია
ჟერარ პიკემ საკალათბურთო „რეალს“ შეუტია

კალათბურთში ესპანეთის თასის ფინალში მომხდარ სკანდალს, საფეხბურთო „ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე გამოეხმაურა. მისი თქმით, მადრიდის „რეალი“ მუდმივად ჩივის მსაჯობის გამო იმის მიუხედავად, ლაპარაკია ფეხბურთზე თუ კალათბურთზე. ესპანელის სიტყვები გაზეთ „მარკას“ (Marca) მოჰყავს:

„ბოლო წლებში ეს რეგულარულად ხდება – როგორც ფეხბურთში, ასევე კალათბურთში. ამის შემდეგ, „რეალი“ მიდის „ატლეტიკოს“ სტადიონზე „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, სადაც მას ეხმარებიან. ამის შემდეგ, ისინი ჩუმდებიან. ისინი ამას მუდმივად აკეთებენ. მადლობა ღმერთს, მათ სხვა გუნდები არ ჰყავთ, თორემ ​ იგივეს ატანა ხელბურთშიც და ჰოკეიშიც მოგვიწევდა. „რეალი“ ამ სტრატეგიით სარგებლობს და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ“.

ესპანეთის თასის ფინალი კალათბურთში „ბარსელონამ“ ოვერტაიმში ერთი ქულით მოიგო (94:93). „რეალმა“ გამოაცხადა, რომ მეტოქის ბოლო სროლა არ უნდა ჩათვლილიყო და თუ მსაჯები არ აღიარებენ თავიანთ შეცდომას, მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატს დატოვებენ.