ჟერარ პიკემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ჟერარ პიკემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ესპანელმა ფეხბურთელმა გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და „ბარსელონას“ ფანებს მიმართა.

ორწუთიან ვიდეოში პიკემ ილაპარაკა თავის კარიერაზე „ბარსელონაში“ მისვლის მომენტიდან დღემდე.

„ბოლო რამდენიმე კვირა, თვე ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ჩემზე. დღემდე ჩუმად ვიყავი. მაგრამ ახლა მინდა ვიყო ის, ვინც ჩემზე მოგიყვებათ. როგორც ბევრი თქვენთაგანი, მეც ყოველთვის „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვიყავი. დავიბადე ოჯახში, სადაც ფეხბურთი ძალიან უყვარდათ. ეს იყო „ბარსელონას“ გულშემატკივართა ოჯახი.

ადრეული ბავშვობიდან არ მინდოდა ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ მინდოდა „ბარსელონას“ მოთამაშე ვყოფილიყავი. ბოლოს დროს, ბევრს ვფიქრობდი ამ ბავშვზე – რას გაიფიქრებდა პატარა ჟერარი, თუ მას ეტყოდნენ, რომ მისი ყველა ოცნება ასრულდებოდა: რომ მოხვდებოდა „ბარსელონას“ პირველ გუნდში, რომ მოიგებდა ყველა შესაძლო ტიტულს, რომ გახდებოდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი, რომ ითამაშებდა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად.

გავიდა 25 წელი მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ ფეხბურთელი გავხდი. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა. „ბარსელონამ“ ყველაფერი მომცა. თქვენ, გულშემატკივრებმა მომეცით ყველაფერი.

და ახლა, როცა ჩემი ბავშვობის ყველა ოცნება ახდა, მინდა გითხრათ, რომ გადავწყვიტე – ახლა ყველაზე ზუსტი დროა იმისთვის, რომ ამ გზაზე წერტილი დავსვა. ყოველთვის ვამბობდი, რომ „ბარსელონას“ შემდეგ ჩემს კარიერაში არც ერთი სხვა გუნდი არ იქნებოდა. შაბათს, ჩემი ბოლო მატჩი იქნება „კამპ ნოუზე“. მე ჩვეულებრივი გულშემატკივარი გავხდები. კლუბის მიმართ სიყვარულს ჩემს შვილებს გადავცემ, ისევე, როგორც ჩემთან მიმართებაში გააკეთა ჩემმა ოჯახმა. და თქვენ მე მიცნობთ, ადრე თუ გვიან, დავბრუნდები.

შევხვდებით „კამპ ნოუზე“.

ჟერარ პიკემ „ბარსელონაში“ 615 მატჩი ჩაატარა, 53 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. კატალონელებთან ერთად მან 30 ტიტული მოიგო, მათ შორის, რვაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, შვიდჯერ ესპანეთის თასის მფლობელი და ექვსჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერლიგა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.

ესპანეთის ნაკრებში 102 მატჩი ჩაატარა, 2010 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი და 2012 წელს ევროპის ჩემპიონი.