ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართება
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართება

დღეს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ განაცხადა, მოლაპარაკების საკითხების ჩამონათვალი საკმაოდ მწვავეა.

„ჟენევაში მთავარი თემის – ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების გარდა, იქნება ის მოვლენებიც, რომლებიც დღეს ვითარდება და აქამდე ვითარდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, იქნება ეს უკანონო ბორდერიზაციის, დაკავების საკითხები თუ ბოლო მოვლენები, რომელთა გამოც მნიშვნელოვნად დაძაბული ფონია შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეკითხვაზე, რა კონკრეტული შედეგით შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი, იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნით ადრე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა, დარსალია აცხადებს, რომ ეს რაუნდის დასრულების შემდგომ გამოჩნდება.

მისივე თქმით, გამოჩნდება, შეიცვლება თუ არა რაიმე მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელის ჩართვით. როგორც ცნობილია, ფორმატის შექმნის დღიდან ამ დრომდე რუსეთის სახელით ჟენევის მოლაპარაკებებში გრიგორი კარასინი იყო ჩართული, რომლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჟენევაში ჩავიდა სერგეი ლავროვის ახალი მოადგილე ანდრეი რუდენკო.

„წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. ვნახოთ, ახალი ხელმძღვანელი ალბათ ახალ დინამიკას შემოიტანს, ამაზე უფრო ადვილი შეხვედრის შემდგომ იქნება საუბარი. დღის წესრიგში საკმაოდ რთული საკითხები დგას. რაიმე გარღვევას ამ კონკრეტულ რაუნდზე შესაძლოა, არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გადაიდგას ნაბიჯები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ბოლო დროს, ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილს დაემსგავსა და მისი სურვილია, ამჯერად მაინც მოხერხდეს რაიმეს გაკეთება.

„ყოველთვის, როდესაც ჟენევაში ჩამოვდივართ, ახალი დინამიკის და იმის იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც მოვახერხებთ რაიმე საკითხის დაძვრას. ბოლო დროს, ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილს დაემსგავსა და გვსურს იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებთ რაიმეს გაკეთებას. ყოველ შემთხვევაში, დეესკალაციას მაინც მივაღწევთ საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ სასაზღვრო რაიონში. ჩვენი პოზიცია იგივე რჩება. ჩვენ განვიხილავთ ჟენევის დისკუსიებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან და პრაქტიკულად ერთადერთ სივრცეს, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ ამ რეგიონებში.

ჩემი პირველი მონაწილეობის ფარგლებში, უბრალოდ, მინდა შევხედო სიტუაციას და ახალი ხედვით განვსაზღვრო, რა ხდება და სად არის კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა.

რუსეთის შიდა პოლიტიკის ძლიერება მის თანმიმდევრულობაში მდგომარეობს, ამიტომ ჩვენი ძირითადი პოზიციები უცვლელი რჩება. რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება ექვსპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუდენკომ.