ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ანგელა მერკელი საუკეთესო კანდიდატია
ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ანგელა მერკელი საუკეთესო კანდიდატია

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საუკეთესო კანდიდატია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა „ფუკნესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟან-კლოდ იუნკერის განმარტებით, გერმანიის კანცლერის მაღალი კვალიფიკაციიდან გამომდინარე ნებისმიერი საპასუხისმგებლო თანამდებობისთვის ღირსეული კანდიდატია.

„ვერც კი წარმომიდგენია, რომ ანგელა მერკელი შეიძლება უკვალოდ გაქრეს. მის ღირსეულ პიროვნულ თვისებებს მაღალი კვალიფიკაცია ერთვის თან“, – განაცხადა ინტერვიუს დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დასავლური მედია მომავალში ანგელა მერკელის ევროპული გაერთიანების რომელიმე წამყვან თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ სულ უფრო ხშირად წერს, თუმცა თავად გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ მომავალში რომელიმე პოლიტიკური პოსტის დაკავებისთვის არ იბრძვის. ამასთან, გერმანიის კანცლერის პოსტზე ის 2021 წლამდე არის დანიშნული. ჟან-კლოდ იუნკერს კი ევროკომისიის პრეზიდენტის უფლებამოსილება 2019 წლის 31 ოქტომბერს ეწურება.