ჟან-კლოდ იუნკერი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის დატოვებამდე ბრიტანეთმა ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
ჟან-კლოდ იუნკერი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის დატოვებამდე ბრიტანეთმა ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი არ გამორიცხავს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვებამდე ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ იუნკერმა გერმანულ გამოცემა „შტუტგარტერ ცაიტუნგთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, რთული წარმოსადგენია, რომ ბრიტანელებმა კვლავ მიიღონ მონაწილეობა ევროპულ არჩევნებში, რადგან ეს ისტორიის ირონია იქნება, თუმცა ამის გამორიცხვაც შეუძლებელია.

„როდესაც საქმე ბრექსიტს ეხება, ეს მსჯავრდებულთა სკამზე ან ღია ზღვაში ყოფნას ჰგავს – ყველაფერი ღმერთის ხელშია. ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით დარწმუნებულნი, თუ როდის მოჰკიდებს ღმერთი ხელს ამ საქმეს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროპარლამენტის არჩევნები მაისშია დაგეგმილი, დიდმა ბრიტანეთმა კი ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ბრიტანეთის პარლამენტი უარს აცხადებს, დაამტკიცოს ტერეზა მეის მთავრობის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებული ბრექსიტის გეგმა.