„ჟალგირისი“ ევროლიგის მესამე გუნდია
„ჟალგირისი“ ევროლიგის მესამე გუნდია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულდა საკალათბურთო ევროლიგის მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც კაუნასის „ჟალგირისმა“ ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხული მოსკოვის ცსკა დაამარცხა – 79:77.

პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო და მაქსიმალური სხვაობა შვიდ ქულას შეადგენდა. „ჟალგირისი“ მესამე მეოთხედში გაიქცა – ეს 10-წუთეული 28:13 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 21 ქულით იგებდა – 69:48.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე „ჟალგირისმა“ 23 ქულამდე გაზარდა უპირატესობა, რასაც არმიელებმა მძლავრი სპურტით უპასუხეს და სირენამდე 39 წამით ადრე, ერთი ზუსტი სროლის მანძილზე მიუახლოვდნენ მეტოქეს – 77:79, მაგრამ ლიტვურმა კლუბმა შეინარჩუნა მოგება.

„ჟალგირისის“ რიგებში 15-15 ქულით ყველაზე შედეგიანები იყვნენ პაულიუს იანკუნასი და ვასილიე მიჩიჩი.

ლიტვური კლუბი პირველად მოხვდა ევროლიგის პირველ სამეულში 1999 წლის შემდეგ, როცა პირველად მოიგო ეს ტურნირი. ცსკა კი პირველად დარჩა მედლების გარეშე 2014 წლის შემდეგ.