ჟაკარე სოუზას კორონავირუსი დაუდასტურდა, ღონისძიება მაინც ჩატარდება (ვიდეო)

ყველაზე მეტად, რისიც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ხელმძღვანელობას ეშინოდა, დღეს რეალობაც იქცა. UFC 249-ის მონაწილე მებრძოლს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

რონალდო სოუზას ხვალ ურაია ჰოლის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. რა თქმა უნდა, აღნიშნული დაპირისპირება ჩაშლილია, თუმცა საინტერესოა, რომ ქარდი მაინც გაიმართება. ეს ინფორმაცია ამერიკულ მედიას ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტმა ჰანტერ კემბელმა დაუდასტურა. ამის ნებართვა UFC-ის, ფლორიდის შტატის ათლეტთა კომისიამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც მისცა.

UFC-იმ ასევე გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სოუზას გარდა COVID 19-ის დიაგნოზი სოუზას ორ გუნდელსაც დაუდასტურდა.

„ერთ-ერთი ბოლო ტესტირების შემდეგ, UFC-ის სამედიცინო პერსონალმა დაადგინა, რომ სოუზას და მის ორ გუნდელს კორონავირუსი აქვთ. ყველა მათგანს ვირუსი სიმპტომების გარეშე აღმოაჩნდათ. ორგანიზაციის მიერ გაწერილი პროტოკოლის თანახმად, სამივე ინფიცირებულმა დატოვა სასტუმროს ტერიტორია და თვითიზოლაციაში გადავიდა, სადაც მათ სამედიცინო და ყველა საჭირო დახმარებას UFC-ის მედიკოსთან ჯგუფი გაუწევს“, – ნათქვამია განცხადებაში

ჟაკარე სოუზამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ მის ოჯახის წევრს ბრაზილიაში კორონავირუსის დიაგნოზი ჰქონდა. სამშობლოდან ჯექსონვილში გამოფრენამდე ჟაკარეს სიმპტომები არ გააჩნდა. სოუზა ფლორიდაში ჩასვლისთანავე საკუთარ გუნდელებთან ერთად იზოლირებულ ოთახში იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი